სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ

ბლოგიNo Comments

You are here:სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის და მის ნაცვლად ორი ახალი ორგანიზაციის შექმნის შესახებ. პროცესები ფორსირებულად, სულ რამდენიმე დღეში წარიმართა, ნიშანდობლივია ისიც, რომ განხილვა წინასაახალწლო დღეებს და სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს დაემთხვა და შესაბამისად კანონპროექტის ანალიზის და რეკომენდაციების წარდგენის საშუალება არ ჰქონიათ დარგის ექსპერტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. საბოლოო ჯამში სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის მწვავე პროტესტის ფონზე პარლამენტმა მაინც მიიღო ცვლილებები და უახლოეს მომავალში საქართველოში გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ფუნქციებს 2 განსხვავებული უწყება შეასრულებს. რამ გამოიწვია ეს ცვლილებები, როგორ წარიმართა პროცესები და სად მიგვიყვანს ეს „რეფორმა“ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ ბლოგში.

ცოტა რამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

ზოგადად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს დემოკრატიულ ქვეყნებში. ისეთი ფუნქციები როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ძლიერი მექანიზმები და საგამოძიებო უწყებების ფარული მოქმედებების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქციებია ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. იქ სადაც ჯერ კიდევ გამართულად არ მუშაობს ე.წ. „Checks and Balances“ მექანიზმები, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მექანიზმებს შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო ფუნქციები აკისრია დემოკრატიული პროცესების სწორად წარმართვისა და ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრის პრევენციისათვის, რასაც საბოლოო ჯამში დემოკრატიის ჩმოშლისკენ მივყავართ.

საქართველომ ამ მიმართულებით საინტერესო პროცესები განვლო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეს არსებული სახით 2019 წელს ჩამოყალიბდა. მანამდე 2013 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. 2019 წლის მაისიდან კი რეორგანიზაციის შედეგად უწყების ფუნქციები შეიცვალა და მასში თავი მოიყარა ორმა ძალზე მნიშვნელოვანმა მიმართულებამ: ქვეყნის მასშტაბით პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესის მონიტორინგი და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების გამოძიება. გარდა ამისა სამსახურის ფუნქციად ასევე განისაზღვრა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონაცემთა ბაზაში აქტივობების კონტროლიც;

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულმა რეფორმაც საკმაოდ არგუმენტირებული კრიტიკა დაიმსახურა თავის დროზე და უხარვეზო არ იყო, დღეს მაინც შეიძლება ითქვას, რომ ამ ინსტიტუტმა შეძლო განვითარება და მოიპოვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა. დროთა განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი დამოუკიდებლობა. უწყება საკანონმდებლო შესაძლებლობების ფარგლებში მუდამ ცდილობდა ეფექტიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქციები, ღიად და გამჭირვალედ ემუშავა. ამას ცხადყოფს სამსახურის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ანგარიშები, სტატისტიკა, ჩატარებული ღონისძიებები და შეკრებილი კვალიფიციური გუნდიც.

რა მოხდა 2021 წლის დეკემბერში ?

25 დეკემბერს, შაბათს, საზოგადოებამ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატიიდან გაიგო, რომ პარლამენტში არასამუშაო დღეს, მმართველი ძალის რამდენიმე დეპუტატის მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც უქმდება მოქმედი სამსახური და მის ნაცვლად უნდა შეიქმნას 2 დამოუკიდებელი უწყება. ნიშანდობლივია ისიც, რომ კანონპროექტის დარეგისტრირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, უქმე დღეს, საელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს და დიპლომატიური კორპუსის შვებულებებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირით ადრე პარლამენტში ასევე დარეგისტრირდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელის მიხედვითაც ამ სამსახურის ფუნქციები არსებითად ფართოვდებოდა და იზრდებოდა კონტროლის მექანიზმები, თუმცა ეს კანონპროექტი პარლამენტს არ განუხილავს.

საბოლოო ჯამში, სულ რამდენიმე დღეში, დაჩქარებულად და არასამუშაო დროს საქართველოს პარლამენტმა ინიცირებულისგან მცირედით განსხვავებული კანონპროექტი 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო და 2022 წლის მარტიდან საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღარ იარსებებს.  

და მაინც, რატომ არის საკითხი აქტუალური ?

ამ პროცესებთან დაკავშირებული პრობლემა, გნებავთ გამოწვევა, საკმაოდ ბევრია:

  • უპირველეს ყოვლისა, კანონპროექტი იმდენად სწრაფად დაინიცირდა, შეუძლებელია იგი ფართო დისკუსიის და კონსესუსის გზით ყოფილიყო შემუშავებული. ამას კი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტების შემთხვევაში;
  • კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა არცერთი დარგის ექსპერტი, დაინტერესებული სუბიექტი, არასამთავრობო და საერთაშორისო საზოგადოება;
  • კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან არ მომხდარა ასეთ ფორსირებულ რეჟიმში განხილვების აუცილებლობის დასაბუთება, მიუხედავად იმისა, რომ ამას საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად და ნათლად ითხოვს;
  • არ მომხდარა და დროის შემჭიდროების გამო ვერც მოხერხდებოდა თითოეული საკითხის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი, არსებული პრაქტიკის კვლევა, საჭიროებების გამოკვეთა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით რეფორმის შემუშავება. რაც ცალსახად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთოდ ამ კანონის საჭიროებას, მისი ინიცირების აუცილებლობას და მიზანს, რას ემსახურება იგი.
  • ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ ფონზე იძენს მნიშვნელობას, როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებულ საკანონმდებლო ნორმებში მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება და ისინი კვლავაც ყურადღების მიღმა დარჩა. რეფორმის მიღმა დარჩა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეალური კონტროლის საკითხი; რეალურად ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო ინსტრუმენტები; პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო კანონმდებლობასთან და თანამედროვე მიდგომებთან მისადაგების საკითხი და კიდევ ბევრი სხვა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისას არ მომხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების, ჩატარებული კვლევის შედეგების და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინება;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, რაც არ უნდა გამართული, საერთაშორისო მიდგომებთან შესაბამისობაში მყოფი და საკანონმდებლო თვალსაზრისით დახვეწილი აქტი მიეღო პარლამენტს (ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ ამ კრიტერიუმს), იგი მაინც ვერ აკმაყოფილებს ისეთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს, როგორიცაა გამჭვირვალობა და ღიაობა, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, საზოგადოებრივი ნდობა და ა.შ.

რა გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთისგან ?

კანონპროექტის ინიცირების პარალელურად გავრცელდა არასამთავრობო სექტორის მწვავე და კრიტიკული განცხადებები; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების რეაქციამაც არ დააყოვნა და არაერთი განცხადება გავრცელდა მათ მიერ, მათ შორის იყო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ევროპარლამენტარების განცხადებებიც.

ამერიკის საელჩომ კი ძალზე შემაშფოთებელი განცხადება გავრცელდა, სადაც უკვე ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშე, პირდაპირ იყო მითითებული, რომ – „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით“. ამავე განცხადებაში ასევე ცალსახად იყო მითითებული, რომ „ეს ნაბიჯი აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც  ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს.“

ეს განცხადებები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველომ მიიღო მწვავე კრიტიკა და მკაფიო გზავნილები იმი შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება თანამედროვე, დემოკრატიული სახელწმიფოს ღირებულებებს და არსებით საფრთხეს უქმნის საქართველოს პროდასავლურ კურსს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ელჩის, დიპლომატის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადება შეიცავდა მკაფიო გზავნილებს პროცესის შეჩერებისა და ფართო დისკუსიის შედეგად მიღებული კონსესუსის აუცილებლობაზე.  

რა მივიღეთ და რა მოხდება ხვალ ?

ეს პროცესი თავიდან ბოლომდე, ქმნის იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ:

  • უახლოეს მომავალში უწყებებში ჩატარდება რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვება დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე თანამშრომელთა გათავისუფლება;
  • დაზიანდება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობა;
  • შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამსახურის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას;
  • საფუძვლიანი ეჭვი იქმნება და საზოგადოებაში ჩნდება არც თუ ისე საფუძველს მოკლებული განცდა, რომ უწყების დამოუკიდებლობა და მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილებები გახდა ამ კანონპროექტის ინიცირების საფუძველი;
  • საფრთხე ექმნება დემოკრატიულ პრინციპებს და განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების სამომავლო დამოუკიდებელი საქმიანობის გარანტიებს;
  • საფრთხე ექმნება არჩევითი თანამდებობების სტაბილურობას, დამოუკიდებლობას, ინსტიტუციურ და საკანონმდებლო გარანტიებს;
  • საფრთხე ექმნება საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას;
  • საფრთხე ექმნება უწყებაში დასაქმებული, კონკურსის წესით შერჩეული კვალიფიციური კადრების შრომით უფლებებს;
  • საფრთხე ექმნება სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესს და სამომავლო გარანტიებს;
  • საფრთხე ექმნება უწყებაში ჩადებულ როგორც სახელმწიფო ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ ჩადებულ საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს;

ამ საფუძვლიან ვარაუდებს კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებები და საბოლოო ჯამში, ერთიანობაში ეს პროცესი ქმნის ძალიან დიდ რისკებს ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მმართველ ძალას აქვს ვეტოს დაძლევის რესურსი ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და პარლამენტს წარუდგენს არგუმენტირებულ მოსაზრებებს მოცემულ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით, თავის მხრივ კი პარლამენტი იმსჯელებს ამ არგუმენტებზე.

ჩვენი მხრივ კი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და იმედს ვიტოვებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ სახიფათო პროცესის შეჩერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სასიკეთო გამოსავლის მოძებნის რესურსი.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Top