პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

სიახლეებიNo Comments

You are here:პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი ეხმაურება 2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებულ, პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია სამართალდამცავის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტები და კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, ის რომ ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანზე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირზე.
გარდა ძალადობის ფაქტისა მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისიც, რომ კადრებში იკვეთება პოლიციის მხრიდან სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც, როგორიცაა არასრულწლოვანთან არასათანადო კომუნიკაციის ფაქტი; არასრულწლოვნის ხელით გაკავების ფაქტი, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გაუტოლდეს დაკავებას; აგრეთვე არასრულწლოვნის გადაყვანა არასათანადო გარემოში, გასაუბრების მიზნით, რისი უფლებაც მხოლოდ სპეციალიზებულ პირებს აქვთ და აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვზე მორგებულ გარემოში; გარდა ამისა, ცალსახად იკვეთება დისკრიმინაციის ფაქტიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირის მიმართ და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მსგავსი შემთხვევების გამოვლენა ხდება და შესაბამისი რეაგირება იწყება მედია საშუალებებით გავრცელებული კადრების შემდეგ, ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ადრეული პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს მოხელეთა მიერ ძალადობის პრევენციის ისეთი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამის უწყებებს და პასუხისმეგებლ პირებს დროულად და ჩანასახშივე მოხდინონ შესაძლო რისკების აღმოფხვრა და საქმე არ მივიდეს ძალადობის მძიმე ფაქტამდე.

ამისათვის საჭიროა გაძლიერდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ძალოვანი უწყებების შიდა ინსპექციისა და აუდიტის სისტემებში კი აუცილებელია დაინერგოს ისეთი საშუალებები რაც ხელს შეუწყობს ძალადობის ადრეულ პრევენციას. მათ შორის როგორიცაა საზოგადოებასთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი პირების (საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და სხვა ქვედანაყოფების მოსამსახურეების) სამხრე კამერებით აღჭურვა, დროებითი განთავსების, დაკავებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესაბამისი სივრცეების სრულად აღჭურვა სამეთვალყურეო კამერებით, სამართალდამცავ სისტემებში მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება და სხვა.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირის, არა მხოლოდ დანაშაულის უშუალო ამსრულებელს, არამედ იმასაც ვინც ხელი შეუწყო მის ჩადენას და აგრეთვე ევალებოდა პრევენციული ზომების მიღება და არ მიიღო ისინი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Top